ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ არაბულენოვან მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში დაასახელა სამი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის რუსეთ-უკრაინის ომში ბელარუსის ჩართვა შეუძლებელი.
ლუკაშენკოს მტკიცებით, მან ვლადიმირ პუტინთან ეს საკითხი განიხილა იმიტომ, რომ ამ შესაძლებლობებზე მედიებში საუბრობდნენ. დიქტატორის მტკიცებით, პუტინმა უთხრა, რომ ომში ბელარუსის რაიმე სახით ჩართვა მიუღებელი იქნებოდა, რადგან ეს მეტ ზარალს მოიტანდა, ვიდრე სარგებელს.
ომში ჩაურთველობის პირველ მიზეზად ლუკაშენკომ დაასახელა ფაქტი, რომ ბელარუსი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მოწყვლადია.
"ჩვენ ეს გვესმის და ამიტომაც არ გვინდა ომი - ბელარუსი სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მოწყვლადია, თუ უკრაინა ბელარუსს ისე დაესხმება თავს, როგორც რუსეთს უტევს. ბელარუსი უკრაინელი სამხედროებისთვის ხელისგულივით ჩანს. მშვენივრად გვესმის, რომ ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები - საწარმოო და ლოგისტიკური - დარტყმების ქვეშ აღმოჩნდება. როგორც განაცხადეს, მათ უკვე აქვთ მონიშნული 500 მსგავსი სამიზნე ბელარუსის ტერიტორიაზე." - თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ მეორე მიზეზად ბელარუსი ხალხის მიერ ომის მიუღებლობა დაასახელა.
"ისტორიაში უკვე საკმარისი გადავიტანეთ. გვესმის, რომ ბევრი ჩვენი სამხედრო დაიღუპება. რისთვის? რისთვის უნდა დაიღუპონ?" - თქვა ლუკაშენკომ.
ბელარუსის დიქტატორმა მესამე მიზეზად რუსეთისთვის ფრონტის ხაზის მნიშვნელოვნად დაგრძელება დაასახელა.
"პირველ რიგში რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც, ბელარუს-უკრაინის საზღვრის 1 500 კილომეტრით გაიზრდება, [რუსეთი] კიევს ბელარუსის ტერიტორიიდან რომ დაესხას თავს. რუსებთან ერთად ომის ამჟამინდელ ვითარებაში ამ მონაკვეთის დაცვას ვერ შევძლებთ." - თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო ირწმუნება, რომ მსგავს შემთხვევაში უკრაინას შესაძლოა მხარი დაუჭირონ NATO-ს ქვეყნებმა და ომი ბელარუს-რუსეთისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაპირისპირებაში გადაიზრდება. "თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს ამის გარეშეც მოხდეს," - დაამატა ბელარუსმა დიქტატორმა.
ლუკაშენკოს თქმით, არსებობს ომში ჩაურთველობის განმაპირობებელი სხვა მრავალი, მათ შორის, ჰუმანიტარული მიზეზებიც. მისი თქმით, საზღვრის ორივე მხარეს გადაჯაჭვულია ადამიანთა კავშირები, არის უკრაინულ-ბელარუსული ოჯახები.
ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინას ბელარუსის მხრიდან "აბსოლუტურად არაფრის" უნდა ეშინოდეს.
"მათ ეს იციან და სამხედროებმაც იციან. ადამიანებმა, უკრაინელმა ხალხმა ეს იცის. რაღაც პოლიტიკური ამბიციების სასარგებლოდ ამ თემას ნავთს ასხამდნენ." - ირწმუნება ლუკაშენკო. ის უკრაინის მხრიდან ამ თემაზე ლაპარაკსდასავლეთის წახალისებად მიიჩნევს.
გასულ კვირებში უკრაინის უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ (მადიარ) ბროვდიმ, ბელარუსის მუქარების პასუხად თქვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე განსაზღვრეს 500 სამიზნე ბელარუსის ტერიტორიაზე. ბროვდიმ ბელარუსის დიქტატორს, ალექსანდრ ლუკაშენკოს მოუწოდა, რომ უკრაინელებს "თვალში არ მოხვდეს". პასუხად ბელარუსი დიქტატორი უკრაინაში, საზღვრის მახლობლად მდებარე "ძალიან სერიოზულ" სამიზნეზე დარტყმით დაიმუქრა.
აქამდე ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 18 მაისს ქვეყანაში ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენების ქვედანაყოფების წვრთნები დაიწყო. წვრთნები რუს სამხედროებთან თანამშრომლობით ტარდებოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსება და "ორი დიქტატურის" ერთობლივი ბირთვული წვრთნები გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის უპრეცედენტო გამოწვევად შეაფასა და საერთაშორისო პარტნიორებს მკაცრი პასუხისკენ მოუწოდა.
წარსულში, სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია უკრაინაზე თავდასასხმელად უკვე გამოიყენა. მაშინ საოკუპაციო ჯარებმა ბელარუსის საზღვარი გადაკვეთეს და კიევის მიმართულებით წინსვლა დაიწყეს. ამ მონაკვეთზე რუსეთის სამხედრო ძალისხმევა სრული მარცხით დასრულდა და საბოლოოდ ჯარები გაიყვანეს.




