რუსული კანონი

ბოლო ორ დღეში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 133 ადამიანი დააკავა – შსს

სპეცრაზმი
ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან ბოლო ორი დღის აქციებისას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით ჯამში 133 პირია დაკავებული, აქედან 66 - გასულ ღამეს. გარდა ამისა, შსს-მ "საპროტესტო აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით" გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

"საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს" - აცხადებს უწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინდელი საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც "აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდა, აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება".

"მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. შეკრებილები აგრესიულად იქცეოდნენ და დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, რკინის ცხაურები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას, რასაც შესაძლოა გამოეწვია მძიმე შედეგი. 

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა თანდათან უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა წესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

პოლიციამ არაერთხელ სცადა დაძაბული სიტუაციის განმუხტვა - აგრესიული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაარიდა და აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანას, დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი, სახანძრო ავტომანქანა, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების ფასადები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დააზიანეს თბილისის მერიის სამსახურების საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება, მათ შორის ცეცხლი წაუკიდეს ქუჩაში მდგარ ურნებს, დაამტვრიეს სკამები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს. 

აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-მდე თანამშრომელმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავდნენ მოქალაქეებიც" - აცხადებს შსს.


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონპროექტები, რომლებმაც საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების მიზანი, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის რუსული ანალოგის მსგავსად, ფინანსურად დამოუკიდებელი და კრიტიკული ძალების ანტიეროვნულად მონათვლას და კრიტიკის ჩახშობის იარაღად გამოყენებას ემსახურება – იქნება ეს მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პარტიებსა და ფიზიკურ პირებში.

კომენტარები