კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ლელო კანონზე: გაერთიანების დროა – შეიქმნება ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობა

ლელო საქართველოსთვის / Facebook

პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტსაბჭომ აგენეტბის კანონის წინააღმდეგ სამოქმედოდ რიგი გადაწყვეტილებები მიიღო. მისივე თქმით, ახლა გაერთიანების დროა და ლელო "ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობის" ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

"ლელო იწყებს აქტიურ თანამშრომლობას ქართულ საზოგადოებასთან, ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ამ ამოცანას იზიარებს და რომელთა ძალისხმევა მიმართულია ამ მიზნისკენ. ლელოს პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს პროდასავლური ძალების ყველა ინიციატივას და აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კანონის ჩაგდებას და ჯდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში;

ლელოს პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ინტენსიური მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც ყველაზე მთავარია მოქალაქეებთან, მედიასთან, რათა ყველა მოქმედების კოორდინირება მოხდეს. ახლა არის კოორდინირებული მოქმედების დრო. გაბუტვების, გვერდზე დგომის დრო დამთავრებულია. ჩვენ ქვეყანას საკმაოდ სერიოზული და დიდი საფრთხე ემუქრება". – თქვა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, შეიქმნიან ერთობლივ ჯგუფსაც, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან იმუშავებენ, რათა აგენტების შესახებ კანონპროექტების მხარდამჭერების სანქცირება უზრუნველყონ.

"ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც კონკრეტულად გავაჟღერებთ მოთხოვნებს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კანონს დაუჭერს მხარს, იქნას ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ გატარებული.

იმ დღეს, როცა ოცნება რუსულ კანონპროექტს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს, ქართველმა ხალხი, სწორედ 80%, რომელმაც დიდი ხნის წინ მიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის ნაწილი იყოს და ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი, გამოვა და კოორდინირებულად საზოგადოებრივ ძალებთან ერთად დაიწყებს მასშტაბურ საპროტესტო აქციებს". – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

კომენტარები