5 ივლისი

მანამდე პრემიერმა Tbilisi Pride-ის ჩატარებას მიუღებელი უწოდა – სახ. დეპი 5 ივლისზე

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში 5 ივლისის შესახებ ვკითხულობთ, სადაც ხაზგასმულია, რომ ძალადობის დაწყებამადე საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Tbilisi Pride-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს "მიუღებელი" უწოდა

"ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ღონისძიება ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე იძალადეს. იმავე ჯგუფებმა დაარბიეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტთან, სადაც სცადეს შტურმი პარლამენტზე და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს. LGBTQI+-ის აქტივისტები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ, რადგან ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა იპოვეს ადგილი, სადაც ისინი იმალებოდნენ. ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა დაგეგმილ Tbilisi Pride-ის ღონისძიებას მიუღებელი უწოდა". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ანგარიში, ასევე, აღნიშნულია, რომ არც ერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული არ არის. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი დღის განმავლობაში ვერ შეძლო არეულობის კონტროლი. მიუხედავად 28 მოძალადის დაკავებისა და შემდგომში გასამართლებისა, არც ერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ არის პასუხისგებაში მიცემული". - წერია ანგარიშში. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები