5 ივლისი

საია: 5-6 ივლისის მოვლენები სათანადოდ ამ დრომდე არ არის გამოძიებული

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული. 

საია 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისას დაზარალებული ადამიანების უფლებებს იცავს. ამ ეტაპზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართულია 19 პირის საქმეში. ამათგან, 17 პირი მედიის წარმომადგენლია, რომლებზეც იძალადეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ 2 ადამიანს ფიზიკურად თანმხლები პირებისა და ლგბტ+ აქსესუარების გამო გაუსწორდნენ. 

საიას-ს განცხადებით, პროკურატურაში, გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 10-ზე მეტი განცხადება/საჩივარი გაგზავნეს, რომლებზეც რეაგირება, ძირითადად, ჯეროვნად არ ხდებოდა.

"გასული 2 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები ლექსო ლაშქარავას, მირანდა ბაღათურიას, ვახტანგ ქარელის, ილია თვალიაშვილის, რატი წვერავასა და დეა მამისეიშვილის საქმეზე. ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე ექვსივე ბრალდებულის მიმართ სრულად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და თითოეულ ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო, სხვა პირების ეპიზოდში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში, ბრალდებულები გამართლდნენ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ნაწილში. ამ პირებთან მიმართებით, სასამართლომ მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი გამოიყენა. მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავას ეპიზოდის ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და ბრალდებულები გაამართლა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე. ამჟამად, აღნიშნული საქმეები განიხილება უზენაეს სასამართლოში". - წერია განცხადებაშო. 

საია-ს შეფასებით, ნათელია, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელ უწყებას არ აქვს სათანადო ნებელობა, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები. მართალია, გამოძიება, მათ შორის, მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა, მისი მიმდინარეობა კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარუდგენლობისა და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი, ობიექტური და სათანადოდ ეფექტიანი. საია მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების, ხელმძღვანელების ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირების ნაწილში.

"ამასთან, საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა. ამ დრომდე უცნობია დაწყებულია, თუ არა გამოძიება ტვ პირველის ეთერში 2022 წლის 12 ივნისს გასული სიუჟეტის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო.

საია მიიჩნევს, რომ მომჩივანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ამსრულებლები, უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ არიან, ხოლო, ზოგ შემთხვევაში არასრულად არიან გამოვლენილნი. ყველა ამ მოთხოვნით, საიამ საგამოძიებო უწყებებს არაერთხელ მიმართა, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებისგან არ მიგვიღია არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

საია-ს ცნობით, მათთვის ცნობილი ბოლო ინფორმაციით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან გასულია ორი წელი. ეს, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ გამოძიებას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები ამ დრომდე არ აქვს. ამ პერიოდში გარდაცვლილის ოჯახი კვლავ გამოძიების შედეგების მოლოდინშია.

2022 წლის 4 ნოემბერს საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებულების სახელით გააგზავნა საჩივარი. მომჩივანები დავობენ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე.

საია-ს ინფორმაციით, საჩივარში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 5 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით, სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით. ამასთან, საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენები პრაქტიკულად თავადვე წაახალისა.  მომჩივნები მიიჩნევენ, ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არიან და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ასოცირდებიან ლგბტ+ თემთან.

"ევროპულმა სასამართლომ საჩივარში სადავოდ გამხდარ ევროპული კონვენციის ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა სახელმწიფოს, რისთვისაც პასუხის წარმოსადგენად 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა ვადა. სახელმწიფოს თხოვნით, სასამართლოს მიერ შეპასუხების ვადა 2023 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივდა. ამ დროისთვის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა და მხარეთა შორის საპასუხო პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც.  მათ შორის, 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს". - ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში.  


2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია –ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა.

კომენტარები