ბრაზილია

ბრაზილიელი ოფიციალური პირების თქმით, დედაქალაქში შტურმი დასრულდა, დაკავებულია 400-მდე პირი

CNN

ბრაზილიაში პრეზიდენტის მიერ არეულობის სამართავად დანიშნული ოფიციალური პირის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე აჯანყება, რომლის კულმინაციაც გუშინ, 8 იანვარს ბოლსონაროს მომხრე მომიტინგეების მიერ კონგრესში შეჭრის მცდელობა იყო, დასრულდა.

"რამდენიმე საათში ჩვენ განვაახლებთ მუშაობას. ყველაფერი სათანადოდ იქნება გამოკვლეული. დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა გაგრძელდება". - წერს ფედერალური ოლქის ინტერვენტი, რიკარდო კაპელი. 

კაპელი ინტერვენტად 8 იანვარს პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ დანიშნა. ეს თანამდებობა სპეციალურად შეიქმნა ფედერალურ ოლქში უსაფრთხოების სიტუაციის მართვისთვის, ყოფილი ლიდერის ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერების მიერ მთავარ სამთავრობო ინსტიტუტებზე თავდასხმის შემდეგ.

ქვეყნის ფედერალური ოლქის გუბერნატორის თქმით, სულ მცირე 400 ადამიანია დაკავებული 

"ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დანარჩენი დამნაშავის იდენტიფიცირებისთვის, ვინც მონაწილეობდა ამ ტერორისტულ აქტებში დღეს [8 იანვარს] შუადღისას". - წერდა Twitter-ზე ქვეყნის ფედერალური ოლქის გუბერნატორი, იბანეის როჩა.

ბრაზილიის დედაქალაქი, ბრაზილია, ფედერალური ოლქის ნაწილია. აქ არის ქვეყნის კონგრესისა და უზენაესი სასამართლოს შენობები და პრეზიდენტის სასახლე - სამივე მათგანში შეიჭრნენ ბოლსონაროს მხარდამჭერები.

ბოლსონარომ დაგმო მისი მხარდამჭერების მიერ სამთავრობო შენობებზე შტურმი

ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ დაგმო ბრაზილიაში სამთავრობო შენობებში შეჭრა და აღნიშნა, რომ "მშვიდობიანი დემონსტრაციები, კანონის პატივისცემა, დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია".

მიუხედავად იმისა, რომ ბოლსონარომ თქვა, რომ ითანამშრომლებდა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის, მან უარი თქვა ოქტომბრის არჩევნებში მარცხის ცალსახა აღიარებაზე.

ბრაზილიაში ექსპრეზიდენტ ბოლსონაროს მხარდამჭერები კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ

გუშინ, 8 იანვარს ბრაზილიის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა შეიარაღებული ძალების ბარიკადები გაარღვიეს და კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. პროტესტანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლულა და სილვას გადადგომას ითხოვენ.

ბრაზილიაში არჩევნების მარცხის შემდეგ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა ქუჩები გადაკეტეს

პროტესტის ტალღა პრეზიდენტ ლულა და სილვას ინაუგურაციიდან ერთ კვირაში დაიწყო. ლულა და სილვა ხელისუფლებაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მან 30 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბოლსონარო დაამარცხა.

კომენტარები