22 ნოემბერს ბრაზილიაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო დააკავეს მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მისი მხარდამჭერების მხრიდან დაგეგმილი ყრილობა ბოლსონაროს გაქცევის საშიშროებას ქმნიდა.
ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ბრძანება მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესმა გასცა და განმარტა, რომ ბოლსონაროს სახლთან მისი მხარდამჭერების შეკრებამ შესაძლოა, მონიტორინგს ძირი გამოუთხაროს. მან ასევე ხაზი გაუსვა არსებულ მტკიცებულებას, რომ წინა ღამით ბოლსონარო ელექტრონული სამაჯურის დაზიანებას ცდილობდა.
მოსამართლემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბოლსონარო წარსულში არგენტინის საელჩოში თავშესაფრის მოთხოვნას განიხილავდა. მორაესმა ისიც აღნიშნა, რომ ბოლსონაროს ერთ-ერთი ვაჟი და ყოფილი პრეზიდენტის სხვა ახლო მოკავშირეები ბრაზილიიდან სასამართლოებს გაექცნენ.
ბრაზილიის სასამართლომ ბოლსონარო სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ 11 სექტემბერს ცნო და მას 27 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც ბოლსონარომ, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე შინა პატიმრობაში იმყოფებოდა.
2023 წლის 8 იანვარს ბრაზილიის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა შეიარაღებული ძალების ბარიკადები გაარღვიეს და კონგრესის, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრნენ. პროტესტანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლულა და სილვას გადადგომას ითხოვდნენ.
ფედერალური ოლქის სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის სამდივნოს ინფორმაციით, თავდასხმების შემდეგ ფედერალური ოლქის სამხედრო პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა 2 082 ადამიანი დააკავეს.
პროტესტის ტალღა პრეზიდენტ ლულა და სილვას ინაუგურაციიდან ერთ კვირაში დაიწყო. ლულა და სილვა ხელისუფლებაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მან 2023 წლის 30 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბოლსონარო დაამარცხა.
ბრაზილიაში არჩევნების მარცხის შემდეგ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა ქუჩები გადაკეტეს





