ბრაზილიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნო და 27 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მედიის ცნობით, ბოლსონარო დამნაშავეს ცნეს სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში, შეიარაღებული კრიმინალური ორგანიზაციის წევრობაში, ბრაზილიის დემოკრატიული წესრიგის ძალის გამოყენებით დარღვევის მცდელობაში, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებებსა და 2023 წლის 8 იანვარს საჯარო საკუთრების დაზიანებაში, მისი მხარდამჭერების მიერ სამთავრობო შენობებზე თავდასხმის დროს.
პროკურატურის მტკიცებით, მისი გეგმა მოიცავდა ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ახლადარჩეული პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას მკვლელობას. გადატრიალების გეგმა ასევე მოიცავდა ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის ან შხამის გამოყენებით ლულასთან ერთად, ვიცეპრეზიდენტის, ჟერალდო ალკმინის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრ დე მორაესის მკვლელობას.
ექსპრეზიდენტისთვის პატიმრობის მისჯას უზენაესი სასამართლოს ხუთი მოსამართლიდან მხარი ოთხმა დაუჭირა.
თავად ჟაირ ბოლსონარო ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს.
2023 წლის 8 იანვარს ბრაზილიის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა შეიარაღებული ძალების ბარიკადები გაარღვიეს და კონგრესის, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრნენ. პროტესტანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლულა და სილვას გადადგომას ითხოვენ.
ფედერალური ოლქის სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის სამდივნოს ინფორმაციით, თავდასხმების შემდეგ ფედერალური ოლქის სამხედრო პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა 2 082 ადამიანი დააკავეს.
პროტესტის ტალღა პრეზიდენტ ლულა და სილვას ინაუგურაციიდან ერთ კვირაში დაიწყო. ლულა და სილვა ხელისუფლებაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მან 2023 წლის 30 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბოლსონარო დაამარცხა.
ბრაზილიაში არჩევნების მარცხის შემდეგ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა ქუჩები გადაკეტეს





