ბრაზილია

ბრაზილიაში ექსპრეზიდენტ ბოლსონაროს მხარდამჭერები კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ

ბრაზილიის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა შეიარაღებული ძალების ბარიკადები გაარღვიეს და კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლულა და სილვას გადადგომას ითხოვენ.

მედიაში გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ მომიტინგეებმა კონგრესის შენობის მწვანე ოთახს მიაღწიეს, რომელიც ქვედა პალატის გარეთ მდებარეობს. ამის შესახებ CNN Brasil-თან სენატის დროებითმა პრეზიდენტმა, ვენეციანო ვიტალ დო როგომ ისაუბრა.

პროტესტის ტალღა პრეზიდენტ ლულა და სილვას ინაუგურაციიდან ერთ კვირაში დაიწყო. ლულა და სილვა ხელისუფლებაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მან 30 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბოლსონარო დაამარცხა.

ბოლსონაროს - რომელმაც ბრაზილია ინაუგურაციამდე დატოვა და ამჟამად აშშ-ში იმყოფება - მხარდამჭერები ინაუგურაციის შემდეგ დედაქალაქში დაბანაკდნენ. იუსტიციის მინისტრმა, ფლავიო დინომ ბრაზილიის შეიარაღებულ ძალებს ბარიკადების შექმნის უფლება მისცა, რათა მათ კონგრესის შენობა დემონსტრანტების შეჭრის მცდელობისგან დაეცვათ.

ფლავიო დინომ მომიტინგეების ქმედებები დაგმო. მისი სიტყვებით, ბოლსონაროს მხარდამჭერები "ნების ძალით დაყოლიების ამ უაზრო მცდელობას ვერ მიაღწევენ". ხოლო, ბრაზილიის მუშათა პარტიის პრეზიდენტმა, გლეისი ჰოგმანმა დემონსტრანტების ქმედებებს დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა.

კომენტარები