ბრაზილია

ბრაზილიაში არჩევნების მარცხის შემდეგ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა ქუჩები გადაკეტეს

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნებში ლუის ინასიო ლულასთან მარცხის შემდეგ პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერმა სატვირთო მანქანების მძღოლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გზები გადაკეტეს

ბოლსონაროს მომხრე სატვირთოს მძღოლებმა არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე დაიწყეს გზების გადაკეტვა. ჯერ კიდევ გუშინ, 31 ოქტომბერს ფედერალურმა საგზაო პოლიციამ 342 მსგავსი ინციდენტი დააფიქსირა, ყველაზე დიდი საპროტესტო აქციები ქვეყნის სამხრეთში მიმდინარეობს. 

ბევრმა სატვირთო მძღოლმა ბოლსონაროს ადმინისტრაციის დროს საწვავის დაბალი ხარჯებით ისარგებლა.

გუშინ, 31 ოქტომბერს უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ ლულა, 50.9%-ით, მომავალ პრეზიდენტად გამოაცხადა. 77 წლის ლულას ინაუგურაცია 1 იანვარს არის დაგეგმილი.

მოქმედი ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი არც დამარცხებას აღიარებს და არც შედეგებს აყენებს ეჭვქვეშ.  არსებობს მოლოდინი, რომ ბოლსონარომ შესაძლოა გაართულოს ორთვიანი გარდამავალი პერიოდი, სანამ ლულა 2023 წლის 1 იანვარს ფიცს დადებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ევროპელი და ლათინო ამერიკელი კოლეგების პარალელურად, ლულას "თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა. 

ინასიო ლულა რამდენიმე თვის წინ საუბრობდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომზე თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

ლულას გამარჯვება აძლიერებს ვარდისფერ ტალღას (მემარცხენე მმართველების ზრდას) ლათინო ამერიკაში.

კომენტარები