საქართველოს მთავრობა

მთავრობა: პრემიერი მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების საორგანიზაციო ჯგუფს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში 2023 და 2024 წლებში დაგეგმილი "მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს " შეხვდა. მთავრობის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე დაგეგმილი საკონცერტო პროგრამა განიხილეს და მის დღის წესრიგს გაეცნენ.

"პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და ბლექ სი არენაზე გაიმართება. კონცერტები 2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ასევე 2024 წელს არის დაგეგმილი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კონცერტების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან მიმდინარეობს და კონცერტების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში მიეწოდება" - აცხადებს მთავრობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მისი მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და ბლექ სი არენას დირექტორი ტატო ხარჩილავა.

კომენტარები