სოსო გოგაშვილის საქმე

"შექმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე" – გოგაშვილს ბრალდება დაუმძიმდა

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალდება დაუმძიმდა და მას სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დამატებით ახალი ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შემდგომ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დამატებით გამოიკვეთა, რომ ბრალდებულს  2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პირადი მიზნებისთვის უკანონოდ გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი ბრალდებულმა გადასცა სხვა პირს, რითიც მან ჩაიდინა სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში.

გარდა ზემოხსენებული ახალი ეპიზოდებისა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ი.გ. ასევე ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, რაც გამოიხატა შემდეგში". – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყება აცხადებს, რომ ბრალდებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო მასალები შეინახა საკუთარ სახლში, რითიც შექმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე, ხოლო ინფორმაციის ნაწილი – პერსონალური მონაცემები მისი მონაწილეობით გავრცელდა საჯარო სივრცეში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გოგაშვილს ამ ეტაპზე ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება),157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი  იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.


სოსო გოგაშვილი 15 ივლისს, ღამით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით წარედგინა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. 18 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ქართული ოცნების "მხილების კამპანია" წამოიწყო და აპირებს, ის გააგრძელოს.

21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, TI-მ და ISFED-მა გაავრცელეს მასალები, რომლებიც, მათი განცხადებით, სოსო გოგაშვილმა გადასცათ. დოკუმენტებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.   

კომენტარები