სოსო გოგაშვილის საქმე

სუს: გოგაშვილი ჩხრეკის დაწყებამდე არ დაგვემორჩილა, გამოვიყენეთ პროპორციული ღონისძიებები

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ჩხრეკის დაწყებისას სოსო გოგაშვილი არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას და არ გააღო სახლის კარი. სუს-ის განცხადებით, ამიტომ გამოიყენეს "პროპორციული ღონისძიებები".

"რაც შეეხება საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებსა და ფრაგმენტულ ვიდეოკადრებს, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იოსებ გოგაშვილი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების უზრუნველსაყოფად და ადგილზე მყოფი პირების მიმართ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები" - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და აღნიშნავს, რომ მათ მოსამართლის შესაბამისი განჩინებების საფუძველზე სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩაატარეს სოსო გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული რვა საცხოვრებელი სახლისა და ოთხი ავტომანქანის ჩხრეკა.

"ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და
საბრძოლო მასალა, მათ შორის, მის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული
ორი არარეგისტრირებული და სამი სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე, ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით მასალა, კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკა, ინფორმაციის მატარებელი სხვა ელექტრონული მოწყობილობები, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები" - აცხადებს სუს-ი.

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების ხელყოფა),  236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) აქვს წარდგენილი. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა, წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო  აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. შედეგად,  დაირღვა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს მოპოვებული ნივთმტკიცებების შესწავლა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია" - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.


სოსო გოგაშვილი 15 ივლისს, ღამით დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა - ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა".

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ Facebook-ზე წერილი გამოქვეყნა, რომელშიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე საუბრობს. სოსო გოგაშვილმა ქართულ ოცნებას მიმართა, რომ პარტიამ მას აქამდე მათ მიერ “გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეატენა” და "ახალ მოხარშულ სიმყრალესაც" მას ვეღარ "შეტენიდნენ". 

13 ივლისს ტელეწამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ გაავრცელა "სკანდალური ჩანაწერი", რომელიც ასახავს მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ერთერთი სიუჟეტის შესახებ. ჩანაწერში ახსენებენ სოსო გოგაშვილსაც. ფიგურანტი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი საუბარი უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა. მომდევნო დღეს, 14 ივლისს, უცნობის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

კომენტარები