სოსო გოგაშვილის საქმე

სოსო გოგაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სუს

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, გოგაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური იყო. ჩინჩალაძე ამბობს, რომ ამ საქმეს კანონთან და სამართალთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ჩვენ ხუთივე ბრალში დავამტკიცეთ, რომ იოსებ გოგაშვილი უდანაშაულო იყო. მარაზმია, რომ ხუთივე ბრალში მოსამართლემ თქვა, რომ გოგაშვილი დამნაშავეა". - თქვა გოგაშვილის ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ დღეს სოსო გოგაშვილი ფორმალობად მიიჩნევს, რადგან ის ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ განაჩენი წინასწარ იყო გამოტანილი. 

გოგაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება),157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი  იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).


სოსო გოგაშვილი 2022 წლის 15 ივლისს, ღამით დააკავეს.  18 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ქართული ოცნების "მხილების კამპანია" წამოიწყო და აპირებს, ის გააგრძელოს.

2022 წლის 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, TI-მ და ISFED-მა გაავრცელეს მასალები, რომლებიც, მათი განცხადებით, სოსო გოგაშვილმა გადასცათ. დოკუმენტებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.   

კომენტარები