რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი კონტრშეტევაზე: ხარკოვის რეგიონში სახელმწიფო საზღვრამდე 50 კილომეტრია დარჩენილი

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და სექტემბრის დასაწყისიდან 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა.

"ხარკოვის მიმართულებით დავიწყეთ წინსვლა არა მხოლოდ სამხრეთით და აღმოსავლეთით, არამედ ჩრდილოეთითაც. სახელმწიფო საზღვრამდე 50 კილომეტრია დარჩენილი".- აცხადებს ზალუჟნი. 

მისივე ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა  გაათავისუფლეს სოფლები ბაირაკი, ნოვა ჰუსარივკა, შჩურივკა და ვილხუვატკა.

"რუსული ჯარების ძლიერი დასაყრდენის აღებამ, რომელსაც ისინი ამაყად უწოდებდნენ "მოსკოვს", "ომსკს" და "პეტერს", შესაძლებელი გახდა კონტრშეტევის დაწყება ბალაქლიაზე, იზიუმზე და კუპიანსკზე. მე ვამაყობ და მადლიერი ვარ ყველა უკრაინელი სამხედროს. მე მაქვს პატივი თქვენთან ერთად ვიბრძოლო. მარადიული ხსოვნა უკრაინისთვის ბრძოლებში დაღუპულებს!"- აცხადებს ვალერი ზალუჟნი. 


უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა, რაც  აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია. 

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

კომენტარები