განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრო: ბათუმში რუსული "სკოლა" ჩვენ მიერ არაა ავტორიზებული, ვიკვლევთ

Batumelebi.ge

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება Batumelebi.ge-ის მიერ მომზადებულ მასალას ბათუმში კერძო რუსული სკოლის გახსნის შესახებ. 

სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ უწყების სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ School Club Georgia არ არის ავტორიზებული და, შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. სამინისტრო განმარტავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანიცაა სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდატების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. 

ამ ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა, როგორც საჯარო, ისე კერძო სუბიექტებისთვისაც. სამინისტრო განცხადებაში ციტირებს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ასეთი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას.

ორ ოქტომბერს Batumelebi.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით "რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან", სადაც წერია, რომ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობას School club Georgia, სკოლის კლუბი, развивающие занятия აწერია, იქ შესულ ჟურნალისტებს კი არაფორმალურ საუბარში დაუდასტურეს, რომ ეს ადგილი კერძო სკოლა იყო, სადაც მოსწავლეებს რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით ასწავლიან. 

როგორც გამოცემამ გადაამოწმა, სკოლის დირექტორი ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა და ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩის N4-ში 263.18 კვ/მ-ის მშენებარე ფართობის მესაკუთრეა.

კომენტარები