პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებით, სხვადასხვა უწყებებში მიმდინარე "რეორგანიზაციები" ემსახურება იმ საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლებას, რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას მოხელეთა ერთგულების გამოხატვაზე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი.
"საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად უქმდება ინკლუზიური განვითარების სამმართველო და სკოლამდელი განათლების სამმართველო. ეს რეორგანიზაცია და მანამდე სამინისტროში მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს მხოლოდ იმ საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებას, ვინც შეიმუშავა ან/და ხელი მოაწერა პეტიციას მოხელეთა ერთგულების გამოხატვაზე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი. ამ ორი სამმართველოს ფაქტობრივი გაუქმება (ტექნიკურად სხვა სამმართველოებთან გაერთიანება) ემსახურებოდა კონკრეტული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას." - წერია განცხადებაში.
მათი თქმით, რეორგანიზაციით სურთ იმ ადამიანთა სამაგალითო დასჯა, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას.
"ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი." - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის ცნობით, განათლების სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიაწვდიან.
მოქალაქე ცირა ბარქაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ განათლების სამინისტრომ რეორგანიზაციის საბაბით გააუქმა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცნობით კი, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
სამინისტროს მტკიცებით, ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო.





