ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილის,ზვიად გაბისონიას თქმით, უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის ვალდებულება არ ვრცელდება კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე.
მას შემდეგ რაც, ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, საჯარო სექტორში სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირებს აღარ ექნებათ უფლება, სხვა საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი პოზიცია დაიკავონ, განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა პედაგოგებისა და რეპეტიტორების საქმიანობა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ნინო კვითაიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა - "ძვირფასო მასწებო, კი ასეა, თქვენ რეპეტიტორობისა თუ სხვა დამატებითი შემოსავლისთვის ნებართვაც უნდა აიღოთ, კონტროლზეც იყოთ, კაპიკ-კაპიკ დაგითვალონ, ყველაფერს ვხედავთ და ვიცით..."
ზვიად გაბისონია გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს თუ რატომ ვერ ჩაითვლება რეპეტიტორობა პედაგოგიურ საქმიანობად.
"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების
ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა.
დეზინფორმაციაა, რომ თითქოს აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე.
განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ
საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა.
მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს. იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ
საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება."





