ივანიშვილის ახალი განათლების მინისტრი გივი მიქანაძე იქნება. ის ირაკლი კობახიძემ წარადგინა. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრის პოსტიდან დღეს, 30 ივნისს FB-პოსტით გადადგა.
ირაკლი კობახიძემ გივი მიქანაძის წარდგენისას მადლობა ალექსანდრე წულაძესაც გადაუხადა "გაწეული საქმიანობისთვის" და აღნიშნა, რომ "ბევრი რამ გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში ამ სამინისტროში".
"კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ალექსანდრე წულაძეს და მინდა, მას ვუსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში.
რაც შეეხება ახალ მინისტრს, მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი გივი მიქანაძე, რომელსაც ყველა კარგად იცნობთ. ორი სიტყვა მინდა ვთქვა მის გამოცდილებასთან დაკავშირებით უშუალოდ განათლების და მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი როგორც მოგეხსენებათ, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე, დიდ ბრიტანეთში, ინგლისში ესექსის უნივერსიტეტი, სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში, მას აქვს, მოგეხსენებათ, საჯარო სექტორში მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება, ასევე ფართო პოლიტიკური გამოცდილება და ასევე, უშუალოდ განათლების და მეცნიერების სფეროში აქვს ძალიან ფართო გამოცდილება - ის იყო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, იყო პედაგოგი, ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში წლების განმავლობაში და არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლების და მეცნიერების სფეროში, ასევე, როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის არის იდეალური კანდიდატი განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე, მინდა ბატონ გივის ვუსურვო წარმატებები ამ თანამდებობაზე" - განაცხადა წარდგენისას ირაკლი კობახიძემ.





