განათლების სამინისტრო

მიქანაძის თქმით, კერძო რეპეტიტორებს ნებართვა არ დასჭირდებათ, ცენტრებში დასაქმებულებს - კი

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მასწავლებლებს კერძო რეპეტიტორობისთვის სკოლის დირექტორის თანხმობა არ დასჭირდებათ. 

მიქანაძის განმარტებით, თანხმობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ მასწავლებლები დასაქმებულები არიან მოსამზადებელ ცენტრებში. 

მისივე თქმით, მთავარი კომპონენტია, რომ სკოლასა და მოსამზადებელ ცენტრებში ერთდროულად დასაქმებული მასწავლებლების სამსახურები საათობრივ გადაფარვაში არ იყოს ერთმანეთთან. აღნიშნულის არ არსებობის შემთხვევაში კი სკოლის დირექტორები ნებართვას ავტომატურ რეჟიმში გასცემენ. 

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სამართლებრივი სივრცე არანაირ ცნებას რეპეტიტორთან დაკავშირებით არ მოიცავს, შესაბამისად, ის სამართლებრივად რეგულირებადი არ არის, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ვერანაირი ნებართვის გაცემის საფუძველი. ეს არის ადამიანებს შორის ინდივიდუალური ურთიერთობების კომპონენტი, სადაც ადამიანები თანხმდებიან სამუშაოს მიღმა პროცესში გარკვეული აქტივობაზე და ეს რეგულირდება მათ შორის ურთიერთობით.

ამიტომ, ეს ამ სამართლებრივი სივრცით არ რეგულირდება და სწორედ სპეკულაციური ხასიათი ამაში გამოიხატება, როდესაც ოპონენტი რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად ეწევიან კამპანიას თითქოს, რაღაც ნებართვები არის ამ ყველაფრისთვის საჭირო. რეალურად, ის, რაც სამართლებრივად არ არის დარეგულირებული, არანაირ ნებართვას არ ექვემდებარება და არანაირ შეზღუდვასაც. 

თუმცა, რიგ შემთხვევებში, არის შექმნილი იურიდიული პირები, ე.წ. ტრენინგცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლები ოფიციალურად არიან სახელშეკრულებო ურთიერთობებზე ჩართული და იქ სწორედ აბიტურიენტების გადამზადება მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში უკვე თანხმობის მიღება საჭირო იქნება სამართლებრივი სივრციდან გამომდინარე, თუმცა არის ერთი მოცემულობა, მთავარია რომ საათობრივ დატვირთვაში არ მოხდეს გადაფარვა იმ ძირითად საქმიანობასა და დამატებით საქმინობას შორის, რომელიც თავსებადია.

ამ შემთევავაში, თუკი ეს საათობრივ გადაფარვას არ გამოიწვევს, რა თქმა უნდა, დირექტორები გასცემენ ავტომატურ ნებართვას იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ასეთ ტრენინგცენტრებში არიან ჩართულები. აქ რაიმე შეზღუდვის დაწესებაზე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მთელი პასუხისმგებლობით, რომ არანაირი მოცემულობა არ არის". - თქვა მიქანაძემ სამთავრობო ტელეკომპანია იმედის ეთერში.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც, ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, საჯარო სექტორში სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირებს აღარ ექნებათ უფლება, სხვა საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი პოზიცია დაიკავონ, განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა პედაგოგებისა და რეპეტიტორების საქმიანობა.

კომენტარები