ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს

ფინეთისა და შვედეთის პრემიერმინისტრები
Roni Rekomaa/Lehtikuva/via REUTERS

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში ნატოში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს. ამის შემდეგ, მოკავშირეებმა ქვეყნების NATO-ში მიღების გადაწყვეტილება უნდა დაადასტურონ, რომელიც 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოება იქნება.

"ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. მაგიდის გარშემო 32 ერით, ჩვენ კიდევ უფრო ძლიერი ვიქნებით". - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. 

პროტოკოლზე ხელმოწერა ნიშნავს, რომ ჰელსინკსა და სტოკჰოლმს ალიანსის შეხვედრებში მონაწილეობის უფლება და NATO-ს დაზვერვაზე წვდომა ექნებათ, თუმცა, ისინი მე-5 მუხლით დაცულები არ იქნებიან - სრულად გაწევრიანებას, სავარაუდოდ, ერთი წელი დასჭირდება. 

"გმადლობთ მხარდაჭერისთვის! ახლა თითოეული მოკავშირის მიერ რატიფიცირების პროცესი დაიწყება, რასაც ჩვენ მოუთმენლად ველით". - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ენ ლინდე Twitter-ზე.

მადრიდში გამართულ სამიტზე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ ფინეთმა და შვედეთმა უნდა შეასრულონ ექსტრადირების შესახებ მოლაპარაკებების დროს მიცემული დაპირებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთის პარლამენტი მათ NATO-ში გაწევრიანებაზე თანხმობას დაბლოკავს. მისი თქმით, შვედეთი დაპირდა, რომ მოახდენენ ანკარას მიერ ტერორისტებად გამოცხადებული 73 პირის თურქეთში ექსტრადირებას.

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები