ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

"შვედეთის მოლოდინები არ ნიშნავს, რომ მათ გავამართლებთ" - ერდოღანი შვედეთის NATO-ში მიღებაზე

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Adem Altan/AFP

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს კვლავ არ უჭერს. ამის შესახებ ერდოღანმა მომავალ თვეში ვილნიუსში სამხედრო ალიანსის სამიტის წინ ისაუბრა

"შვედეთის მოლოდინები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ გავამართლებთ". - თქვა ერდოღანმა Bloomberg-სა და თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, სტოკჰოლმი NATO-ს წევრი ვილნიუსის სამიტამდე უნდა გახდეს. 

შვედეთისა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება განიხილება ალიანსის მომავალ სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში გაიმართება.

მანამდე, 13 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთის მთავრობა თურქეთს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდამჭერ 35 წლის თურქეთის მოქალაქეს გადასცემს. გადაწყვეტილება მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. თურქეთში მამაკაცის წინააღმდეგ სამართალწარმოება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფოტომანიპულაციების გავრცელებისთვის მიმდინარეობს, რაც თურქული კანონმდებლობით დასჯადია.

მამაკაცი, რომელიც თურქეთის სასამართლომ 2013 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავა, აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მან თურქეთი კანონიერი გზებით დატოვა და შვედეთში მუშაობის უფლება მიიღო. მისი თქმით, ექსტრადაციის რეალური მიზეზი პროქურთულ პოლიტიკურ პარტიაში მისი აქტიურობა და იმ ჯგუფის მხარდაჭერაა, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

კომენტარები