ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

ერდოღანი: შვედეთმა სწორი მიმართულებით გადადგა ნაბიჯები, თუმცა აქციები მიღწევებს აბათილებს

Yves Herman/Pool/Reuters

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების მიზნით ანტიტერორისტული საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით სწორი მიმართულებით გადადგა ნაბიჯები, თუმცა ეთნიკური ქურთების მხარდასაჭერი აქციები არ წყდება და შვედეთის სწრაფვას ძირს უთხრის. ერდოღანმა შვედეთის ევროატლანტიკური მომავალი ნიდერლანდების პრემიერმინისტრთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარში განიხილა. 

"პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ შვედეთმა კანონმდებლობაში ანტიტერორისტული ცვლილებების შეტანით სწორი მიმართულებით გადადგა ნაბიჯები, თუმცა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ტერორისტული ორგანიზაცია თავისუფლად განაგრძობს ტერორიზმის სახოტბო დემონსტრაციებს, რაც წინარე ნაბიჯებს აბათილებს". - თქვა ერდოღანმა.  

თურქეთი შვედეთს ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. შვედეთმა ამის საპასუხოდ მიიღო ახალი კანონი, რომელიც აღნიშნული ჯგუფების დაფინანსების პროცესს ართულებს. შვედეთის მთავრობის მტკიცებით, ეს კანონი არის დასტური იმისა, რომ შვედეთი მადრიდში გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს ასრულებს. ანკარა კვლავაც არ არის შედეგებით კმაყოფილი. ბილსტრომის თქმით, დემონსტრაციების გამართვის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა ის, რაც კანონიერია, ყოველთვის სწორი შეიძლება არ იყოს. 


შვედეთისა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება განიხილება ალიანსის მომავალ სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში გაიმართება.

მანამდე, 13 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთის მთავრობა თურქეთს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდამჭერ 35 წლის თურქეთის მოქალაქეს გადასცემს. გადაწყვეტილება მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. თურქეთში მამაკაცის წინააღმდეგ სამართალწარმოება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფოტომანიპულაციების გავრცელებისთვის მიმდინარეობს, რაც თურქული კანონმდებლობით დასჯადია.

მამაკაცი, რომელიც თურქეთის სასამართლომ 2013 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავა, აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მან თურქეთი კანონიერი გზებით დატოვა და შვედეთში მუშაობის უფლება მიიღო. მისი თქმით, ექსტრადაციის რეალური მიზეზი პროქურთულ პოლიტიკურ პარტიაში მისი აქტიურობა და იმ ჯგუფის მხარდაჭერაა, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

კომენტარები