ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

შვედეთმა ანკარის მოთხოვნები დააკმაყოფილა, ჯერი თურქეთზეა – ბილსტრომი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის თქმით, შვედეთმა ანკარის მოთხოვნები დააკმაყოფილა და შესაბამისად, თურქეთმა მისი NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი უნდა დაუჭიროს.

"ჩვენ, რაც მოგვეთხოვებოდა, გავაკეთეთ, ახლა ჯერი თურქეთზეა, რომ რატიფიკაციის პროცესი დაიწყონ". - თქვა ბილსტრომმა. 

ბილსტრომის თქმით, შვედეთს აქვს იმედი, რომ ვილნიუსის სამიტამდე გაწევრიანების პროცესი დასრულდება. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სათადარიგო გეგმის ალტერნატივა არ არსებობს. 

თურქეთი შვედეთს ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. შვედეთმა ამის საპასუხოდ მიიღო ახალი კანონი, რომელიც აღნიშნული ჯგუფების დაფინანსების პროცესს ართულებს. შვედეთის მთავრობის მტკიცებით, ეს კანონი არის დასტური იმისა, რომ შვედეთი მადრიდში გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს ასრულებს. ანკარა კვლავაც არ არის შედეგებით კმაყოფილი. ბილსტრომის თქმით, დემონსტრაციების გამართვის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა ის, რაც კანონიერია, ყოველთვის სწორი შეიძლება არ იყოს. 


შვედეთისა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება განიხილება ალიანსის მომავალ სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში გაიმართება.

მანამდე, 13 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთის მთავრობა თურქეთს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდამჭერ 35 წლის თურქეთის მოქალაქეს გადასცემს. გადაწყვეტილება მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. თურქეთში მამაკაცის წინააღმდეგ სამართალწარმოება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფოტომანიპულაციების გავრცელებისთვის მიმდინარეობს, რაც თურქული კანონმდებლობით დასჯადია.

მამაკაცი, რომელიც თურქეთის სასამართლომ 2013 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავა, აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მან თურქეთი კანონიერი გზებით დატოვა და შვედეთში მუშაობის უფლება მიიღო. მისი თქმით, ექსტრადაციის რეალური მიზეზი პროქურთულ პოლიტიკურ პარტიაში მისი აქტიურობა და იმ ჯგუფის მხარდაჭერაა, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

კომენტარები