საერთო სასამართლოების შესახებ კანონი

მსუსხავი ეფექტი მოსამართლეთა თავისუფლებაზე – ვენეციის კომისია მიღებული კანონის შესახებ

Council of Europe / Venice Commission

ვენეციის კომისია 2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს მოსამართლეებისთვის დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მიღებულ კანონს აკლდა გამჭვირვალობა როგორც მოტივების, ისე მიზნების თვალსაზრისით, ხოლო ცვლილებებმა, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი მოახდინოს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებაზე.

"მიუხედავად დაჩქარებული საკანონმდებლო პროცედურის წესის ფორმალურად დაცვისა, ვენეციის კომისია წუხს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში 2021 წლის დეკემბერში ცვლილებები ზედმეტად დაჩქარებულად მიიღეს, აკლდა გამჭვირვალობა როგორც მოტივების, ისე მიზნების შესახებ და დამტკიცდა ინკლუზიური, ეფექტური კონსულტაციების გარეშე". – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის აკრიტიკებენ დაჩქარებულად და შესაბამისი კონსულტაციების გარეშე იმ საპარლამენტო აქტების მიღებას, რომლებიც არეგულირებენ სამართლებრივი წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებს.

"ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2021 წლის ცვლილებების ნაჩქარევად მიღებამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გაზრდამ მოსამართლეთა თანხმობის გარეშე მათი გადაყვანის შესახებ, დისციპლინური გადაცდომების ახალმა და ბუნდოვანმა საფუძვლებმა და გამოძიების შემთხვევაში მოსამართლეთა ხელფასის შეჩერებამ, საქართველოს კონტექსტში, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი მოახდინოს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებაზე და სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობაზე". – ვკითხულობთ კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად:

  • 2021 წლის ცვლილებები ამცირებს დისციპლინურ საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო უმრავლესობის მოთხოვნას წევრთა 2/3-ის უმრავლესობიდან აბსოლუტურ უმრავლესობამდე (ვენეციის კომისიის 2014 წლის დასკვნის რეკომენდაციის შესაბამისად). თუმცა, ვენეციის კომისიას სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კორპორატიზმისა და პირადი ინტერესების შესახებ მუდმივი და ფართო პრეტენზიები აზიანებს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას და ამას სერიოზულად უნდა მოეკიდონ.
  • თუ ფორმულირება "პოლიტიკური ნეიტრალიტეტი" ნარჩუნდება, კანონმა დისციპლინური სახდელის საფუძველი უნდა დააკვალიფიციროს მხოლოდ ნეიტრალიტეტის დარღვევის გამოვლენით, ან რიგი საკითხების გამორიცხვით, როგორიცაა სასამართლო სისტემის რეფორმები და საკანონმდებლო პრობლემები.

30 დეკემბერს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეიტანა. ცვლილებები ითვალისწინებდა მოსამართლეებისთვის დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას.

კანონის მიღებას ერთობლივი წერილით გამოეხმაურნენ მოსამართლეები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ კანონპროექტით დასაშვები ხდებოდა მათი დევნა კრიტიკული აზრის და მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. მისი თქმით, პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობდა და მეტ ინკლუზიურობას საჭიროებდა. ევროკავშირის შეფასებით, კანონის ახალი რედაქცია შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებებთან დაკავშირებით. ცვლილებებს შემაშფოთებელი უწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც – ისინი პარლამენტს განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ

კომენტარები