საერთო სასამართლოების შესახებ კანონი

EU: სასამართლოებზე კანონპროექტი შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებებთან დაკავშირებით

Reuters

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას ეხმაურება. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა ინტერპრესნიუსთან თქვა, რომ კანონპროექტის ნაჩქარევი განხილვა კიდევ უფრო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღსადგენად. 

"ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა და დამოუკიდებლობა არსებითია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების სათანადო განხორციელების და საქართველოს ევროპული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია". – თქვა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

სერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციირებული ცვლილებები, მათ შორის, ითვალისწინებს მოსამართლეებისთვის დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. მისი თქმით, პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს და მეტ ინკლუზიურობას საჭიროებს.

კომენტარები