საერთო სასამართლოების შესახებ კანონი

სასამართლოების კანონში ცვლილებას საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

flickr.com

საპარლამენტო ოპოზიციის დაპუტატები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ.

სარჩელთან დაკავშირებით, დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პარლამენტის წევრებმა: ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ, პაატა მანჯგალაძემ, ლევან ბეჟაშვილმა და ანა ბუჩუკურმა, ასევე, სამართლის ექსპერტებმა მიიღეს.

დეპუტატების  განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება, მინიმუმ, 30 დეპუტატს აქვს და სარჩელზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან იმართება. მათივე თქმით, ხელმოწერები უახლოეს დღეებში შეგროვდება.

სარჩელი დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრების მიერ მომზადდა.

სასამართლო რეფორმის განხორციელება და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს.

"ცვლილებები არღვევს მოსამართლეთა კონსტიტუციურ უფლებებს, ზღუდავს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს და სასამართლოს მმართველ გავლენიან ჯგუფს უზრდის ბერკეტებს, შეავიწროვოს და გავლენა მოახდინოს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე. მოსარჩელეები და იურისტები მიიჩნევენ, რომ გასულ წელს კანონში შეტანილი ცვლილებებით : მოსამართლეებს შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლება; თანამდებობის დაკავების უფლება; ასევე, მათივე განცხადებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს მიეცათ შეუზღუდავი შესაძლებლობა მიავლინონ მოსამართლე სხვა სასამართლოში მისი თანხმობის გარეშე, მის მიმართ დაიწყონ დევნა ბუნდოვანი საფუძვლებით. აღინიშნა, რომ კანონი ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს და აძლევს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს თვითნებობის, კანონის  შერჩევითად, არანამდვილი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას.

საპარლამენტო ოპოზიცია აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ცვლილებების მიღებას. ამავე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსტიტუციური სარჩელები წარდგენილი აქვთ მოქმედ მოსამართლეთა ჯგუფს და სახალხო დამცველს. კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია მოამზადა და პარლამენტს გაუზიარა ვენეციის კომისიამ, კრიტიკული პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს საქართველოს პრეზიდენტმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა,  ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც მრავალი წელია დახმარებას უწევენ ქვეყანას სასამართლო რეფორმის საკითხებში". - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.


7 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატების ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან 1 ივლისს სასწრაფო დასკვნა მოითხოვა.

მიღებული კანონპროექტით, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. 

ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

მოსაზრება წარედგინება ვენეციის კომისიას დასამტკიცებლად მის მომავალ პლენარულ სხდომაზე, 2022 წლის 21-დან 22 ოქტომბრამდე.

კომენტარები