რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფინეთი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გატარებაში დაეხმარება

ფინეთი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გატარებაში დაეხმარება. მხარეებმა ამის შესახებ გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის პრემიერმინისტრების, სანა მარინისა და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრის დროს მიიღეს. ინფორმაციას უკრაინის მთავრობა ავრცელებს.

სანა მარინის თქმით, უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი უკვე არის. ასევე, მისივე განცხადებით, ფინეთი ევროკავშირთან ერთად, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ყველა ეტაპზე დაუჭერს მხარს.

შეხვედრაზე მხარეები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ფინეთი უკრაინას ომში განადგურებული ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენაშიც დაეხმარება. ამისთვის ფინეთი უახლესი ტექნოლოგიებსაც გამოიყენებს.

"ველოდებით, რომ კონკრეტულ პროექტებს უახლოეს მომავალში განვახორციელებთ იმისთვის, რომ სამუშაოების დაწყება რაც შეიძლება მალე გახდეს შესაძლებელი". - თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა.

ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი 26 მაისს უკრაინაში ჩავიდა. მან ირპენი და ბუჩა მოინახულა და პრეზიდენტ ზელენსკისთანაც გამართა შეხვედრა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ივნისში ელოდება.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები