რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონეცკის მარიონეტი ლიდერი: აზოვსტალში ჩაბარებულები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ

Alexander Nemenov/AFP/Getty Images

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერის, დენის პუშილინის თქმით, აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.

"რაც შეეხება ომის დამნაშავეებსა და ნაციონალისტებს, თუ ისინი იარაღს დაყრიან, მათი ბედი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს". – თქვა პუშილინმა.

აზოვსტალიდან გაყვანილი უკრაინელი სამხედროების უმეტესობა დონეცკის ტერიტორიაზე, ქალაქ ორლენივკაში იმყოფება.

16 მაისის შემდეგ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან 1 000-მდე უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

კომენტარები