რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინულმა დრონებმა რუსეთზე მორიგი იერიში მიიტანეს, ენგელსში იწვის ყაზარმა

25 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე ქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშები მიიტანეს. სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში ხანძარი გაჩნდა ყაზარმის ტერიტორიაზე. მასშტაბური ხანძარი გაჩნდა როსტოვის ოლქშიც.

ტელეგრამ არხების ცნობით, სარატოვის ოლქში, ენგელსში 25 ივლისის ღამეს სარაკეტო საფრთხე და უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე გამოცხადდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი ენგელს-1-ის ქუჩაზე გაჩნდა, სადაც, სავარაუდოდ, სამხედრო ნაწილია განთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის კერასთან ახლოს მდებარეობს სამხედრო აეროდრომ ენგელს-2-ის ობიექტებიც. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს ძლიერი ხანძარი, კვამლი და ცეცხლის ალი.

ამავე დროს, შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა როსტოვშიც. ადგილობრივი მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში კვამლისა და ცეცხლის ამსახველ ვიდეოებს ავრცელებენ.

დარტყმების შესახებ ცნობები ვრცელდება ასევე დროებით ოკუპირებული ლუგანსკიდან. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ერთ-ერთ ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

ამ იერიშებამდე უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს ბელგოროდსაც, სადაც ლოგისტიკური საწყობები და ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტები დაიწვა.

 

კომენტარები