რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთმა უკრაინას აზოვსტალიდან დაჭრილების ზღვით ევაკუაცია შესთავაზა – რუსეთი არ დათანხმდა

თურქეთის პრეზიდენტის სპიკერის, იბრაჰიმ კალინის თქმით, თურქეთმა უკრაინას ქალაქ მარიუპოლში რუსეთის მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან დაჭრილი მებრძოლების საზღვაო გზით ევაკუაცია შესთავაზა.

კალინმა Reuters-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ეს წინადადება პირადად განიხილა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და იგი კვლავ რჩება მოლაპარაკებების მაგიდაზე, თუმცა რუსეთი მას არ დათანხმდა.

კალინის თქმით, გეგმის თანახმად, აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუირებულ ადამიანებს სახმელეთო გზით გადაიყვანენ ბერდიანსკის პორტში, აზოვის ზღვაზე და თურქული გემი მათ შავი ზღვის გავლით სტამბოლში გადაიყვანს.

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან თავდაპირველად 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე ცნობით, რუსეთი ყველა ადამიანის ერთად გამოყვანას არ თანხმდება. 

12 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაცია თურქეთის შუამავლობით იგეგმება. ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები