რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ოკუპანტებმა მარიუპოლის მცველების ოჯახებზე პირადი ინფორმაცია გაავრცელეს – ანდრიუშჩენკო

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანრიუშჩენკო Telegram-ზე წერს, რომ რუსმა ოკუანტებმა მარიუპოლის მცველების ცოლებისა და საცოლეების პირადი ინფორმაცია სოციალურ გაავრცელეს. 

"აზოვსტალს თავს ესხმიან ციდან, ხმელეთიდან, აქვთ ხმელეთზე წინსვლის მცდელობები. მტრის ცინიზმი იზრდება. ოკუპანტები თავს ესხმიან არა მხოლოდ აზოვსტალში მყოფ მცველებს, არამედ მათ ოჯახებსაც. გუშინ ოკუპანტებმა გამოაქვეყნეს პირადი ინფორმაცია (ტელეფონის ნომრები, პროფილები) ჩვენი მცველების ცოლებისა და საცოლეების შესახებ. 

ეს არაადამიანობისა და ცინიზმის ყველაზე მაღალი დონეა. ჩვენ ვალში ვართ მარიუპოლის მცველების წინაშე". - წერს ის. 

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან თავდაპირველად 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე ცნობით, რუსეთი ყველა ადამიანის ერთად გამოყვანას არ თანხმდება. 

რუსი ოკუპანტები აზოვსტალის ქარხანაზე შეტევას აგრძელებენ. 12 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაცია თურქეთის შუამავლობით იგეგმება.   

19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული.

მაისში რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე მასიური იერიშები განაახლეს. აქამდე, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია შესაძლებელი გახდა.

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში 4 მაისს შეიჭრნენ. მანამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. შეჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას კრემლი უარყოფს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 7 მაისს აზოვსტალიდან შესაძლებელი გახდა ყველა ქალის, ბავშვისა და მოხუცის ევაკუაცია.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგეი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები