რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პალამარი: სავარაუდოდ, აზოვსტალის ქარხანა ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა

აზოვსტალის ქარხანა

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის თქმით, ქარხანა, სავარაუდოდ, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"თუ თქვენ თავად აზოვსტალის ქარხანაზე საუბრობთ, მაშინ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცოდით, გვყავდა და ვზრუნავდით, ჩვენთან აღარ იმყოფება. მათ ქარხნის დატოვება შეძლეს. თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით, შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე კიდევ არის ვინმე, რადგან არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ჩამოსვლისა და სიტუაციის შეფასების საშუალება არ ჰქონია". - თქვა პალამარმა CNN-თან საუბრის დროს.

პალამარის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ აგრძელებენ ტერიტორიის დაბომბვასა და ქარხნის შტურმს.

7 მაისს უკრაინის ვიცეპრემიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე ევაკუირებულია.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

10 მაისს მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრო ანდრიუშჩენკოს თქმით, მარიუპოლში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაში, სულ მცირე, 100 მშვიდობიანი მოქალაქე კიდევ რჩება


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები