რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინელ ჯარისკაცებს ჰაუბიცების გამოყენებაში წვრთნის

უკრაინის სამხედრო პირები გერმანიაში ჯავშანტექნიკის გამოსაყენებლად სამხედრო წვრთნებს გადიან. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

60-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნები 11 მაისს დაიწყო და დაახლოებით 40 დღე გაგრძელდება. ისინი სხავდასხვა ტიპის ჯავშანტექნიკის გამოყენებას სწავლობენ, რომელსაც შემდგომ უკრაინას მიაწოდებენ. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 155 მმ-იან თვითმავალ ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000-ზე.

"ეს ჩვენი სოლიდარობის აშკარა ნიშანია. თუმცა წვრთნების ან ჰაუბიცების მიწოდების გამო გერმანია კონფლიქტის მონაწილე არ გახდება“. - განაცხადა სამინისტრომ.

20 აპრილს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის გერმანული Panzerhaubitze 2000-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემას, გერმანია კი მისთვის საჭირო ჭურვების მიწოდებასა და უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას აპირებდა. 10 აპრილისთვის კი გერმანიის ყოველკვირეული გაზეთი, Welt am Sonntag-ი იტყობინებოდა, რომ იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ, Krauss-Maffei Wegmann-მა უკრაინას 100 ჰაუბიცი შესთავაზა. 

NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინას ძირითადად მიაწოდეს აღმოსავლეთ ევროპის NATO-ს წევრი ქვეყნების მარაგებიდან საბჭოთა ჰაუბიცები. თუმცა, აშშ-მ და ზოგიერთმა სხვა მოკავშირემ დაიწყო კიევისთვის დასავლური ჰაუბიცის მიწოდება.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდის პარალელურად, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ქვეყნების "იარაღით გატენვა" საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები