რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: გერმანული იარაღის მწარმოებელი უკრაინას ჰაუბიცებს სთავაზობს

Krauss-Maffei Wegmann-ის წარმოების Panzerhaubitze 2000

Reuters-ის ცნობით, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის ანონიმური ინფორმაციით, უკრაინამ გერმანული შეიარაღების კომპანიისგან თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდების შეთავაზება მიიღო.

გერმანიის ყოველკვირეული გაზეთის, Welt am Sonntag-ის ცნობით, იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ, Krauss-Maffei Wegmann-მა უკრაინას საარტილერიო იარაღის სახეობა, 100 ჰაუბიცი შესთავაზა. 

Welt am Sonntag-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მწარმოებელს ამჟამად არ აქვს იარაღი მზად მიწოდებისთვის. მათი თქმით, იარაღი დამზადებისთანავე გადაეცემა გერმანიის არმიას, რომელიც შემდეგ სამხედრო აღჭურვილობის უკრაინაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. იარაღი მზად დაახლოებით 2024 წლის მეორე ნახევარში იქნება. 

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიამ საგარეო პოლიტიკა კონფლიქტის ზონებში იარაღის არ გაგზავნასთან დაკავშირებით შეცვალა და აღნიშნა, რომ უკრაინას, სხვა იარაღთან ერთად, Strela-ს ტიპის რაკეტებს მიაწოდებდა.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, ბერლინმა კიევს მხოლოდ ის იარაღი მიაწოდოს, რომლის გამოყენების ტექნიკასაც უკრაინის არმია ფლობს. მაგალითად, საბჭოთა წარმოების აღმოსავლეთ გერმანიის ძველი აღჭურვილობა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები