რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: უკრაინისა და სხვა ქვეყნების იარაღით გატენვა საფრთხეს უქმნის ევროპას

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის გამოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის იარაღის მიწოდება საფრთხის შემცველია ევროპისათვის და იწვევს არასტაბილურობას.

"უკრაინისა და სხვა ქვეყნების იარაღით გატენვის ტენდენცია არის ის, რაც საფრთხეს უქმნის კონტინტენტის უსაფრთხოებას და იწვევს არასტაბილურობას". - თქვა პესკოვმა.

მანამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა აღნიშნა, რომ მსოფლიომ უნდა ისწავლოს გაკვეთილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან, აღარ "დაუშვას მსგავსი შეცდომა", ამიტომ საჭიროა, უკრაინასთან ერთად გაძლიერდეს საქართველოსა და მოლდოვას სამხედრო დახმარება. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ არასწორია, ქვეყნებმა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე უარი რუსეთის პროვოცირების შიშით თქვან, რადგან "უმოქმედობა ყველაზე დიდი პროვოკაციაა". 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები