Bloomberg-ის ინფორმაციით, ნიდერლანდები უკრაინისთვის გერმანული Panzerhaubitze 2000-ის (PzH 2000) ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემას, გერმანია კი მისთვის საჭირო ჭურვების მიწოდებასა და უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას აპირებს.
Bloomberg-ს ინფორმაცია მიაწოდა ანონიმურმა წყარომ, რომელიც გერმანიის მთავროვის წარმომადგენელია. მან სახელის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა, რადგან NATO-ს წევრებსა და უკრაინას შორის არსებული მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულია.
ანონიმური წყაროს თქმით, გერმანიამ უკრაინელი სამხედროები ჰაუბიცების გამოყენებაში, შესაძლოა, საკუთარ ან პოლონეთის ტერიტორიაზე გაწვრთნას. რუსეთის თავდასხმების გამო, ეს პროცესი ვერ შესრულდება უკრაინის ტერიტორიაზე.
20 აპრილს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტის დროს დაადასტურა, რომ ბერლინი უკრაინელ სამხედროებს საარტილერიო წვრთნებში დაეხმარება, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. მან უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა Bloomberg-ის ინფორმაციაზე.
ბერლინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პოლიტიკას ნელ-ნელა ცვლის. ანალენა ბერბოკმა გასულ დღეებში თქვა, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღების მიწოდება სჭირდება.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".