რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპუაშვილი: მეგობარს, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან, მასთან გარიგებას რომ დააბრალებ

საქართველოს პარლამენტი / Facebook

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინის დაზვერვამ მტკიცებულებები უნდა გამოაქვეყნოს, როდესაც რუსეთთან "გარიგებას აბრალებ მეგობარს". ამის შესახებ პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მე არ ვიცი, როგორ მუშაობს უკრაინის დაზვერვა, მე ერთი რამე ვიცი, როდესაც იმ მეგობარს, რომელიც გვერდში გიდგას ყველანაირად, პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად - იმ მეგობრის წინააღმდეგ, როდესაც წააყენებ ასეთ მძიმე ბრალდებას, მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული, დააბრალებ რუსეთთან გარიგებას, აქ მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო და როდესაც ასეთი მტკიცებულება წარდგენილი არაა, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ყველა დავრწმუნდით რომ ეს ბრალდება იყო ტყუილი". – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი ცდილობს სხვა ქვეყნების დახმარებით ეკონომიკური სანქციებს თავი აარიდოს. დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ მოსკოვი რეექსპორტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან. უწყების ინფორმაციით, ორასამდე კომპანია უკვე დაარსდა ამ სამ ქვეყანაში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები