უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი ცდილობს სხვა ქვეყნების დახმარებით ეკონომიკური სანქციებს თავი აარიდოს. დაზვერვის სამსახურის თქმით, მოსკოვი რეექსპორტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან. უწყების ინფორმაციით, ორასამდე კომპანია უკვე დაარსდა ამ სამ ქვეყანაში.
"მოსკოვი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტზე. მიწოდება იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის სახით და მესამე ქვეყნებში გატანა". - წერია განცხადებაში.
ამასთანავე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი გეგმავს ოდკბ-ის ქვეყნებში ორგანიზებას გაუწიოს რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქტების კომპონენტების წარმოებას, ძირითადად მათ, რაც უცხოური კომპონენტების გამოყენებას მოითხოვს.
უწყების ინფორმაციით, სანქციების გავლენით, რუსეთი უკვე განიცდის ძლიერ ეკონომიკურ დანაკლისებს, განსაკუთრებით ის ინდუსტრიები, რომლებიც ტექნოლოგიებსა და უცხოურ პროდუქტებზეა დამოკიდებული.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





