რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დენისოვა: რუსმა ჯარისკაცებმა აზოვის მებრძოლი მოკლეს და ფოტო დედამის გაუგზავნეს

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის შემოგარენში
ria.ru

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსი ჯარისკაცები 19-20 აპრილს მარიუპოლში დაკავებულ უკრაინელ სამხედროებს სასტიკად აწამებენ. მისი ცნობით, ოკუპანტებმა ერთ-ერთი მოკლული მებრძოლის ფოტო მის დედას გაუგზავნეს. 

"რაშისტებმა არაადამიანური წამების შემდეგ სასტიკად მოკლეს ერთ-ერთი მებრძოლი და ამის დამადასტურებელი ფოტო მასალა დღეს დილით მოკლულის დედას გაუგზავნეს. დედის თქმით, მისი შვილი რუსებით იყო გარშემორტყმული". - წერს დენისოვა.

რამდენიმე კვირის წინ მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებდა, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული. 

19 აპრილის დილიდან რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ოკუპანტები ბომბავენ ქარხნის ტერიტორიას, ასევე ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს. რუსეთმა აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლებს რამდენჯერმე მოუწოდა დანებებისკენ.  

უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები