რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მა 100-მდე უკრაინელი სამხედროს გადამზადება დაიწყო

აშშ-მა გერმანიაში უკრაინელი ჯარისკაცებისა და ინსტრუქტორების გადამზადება დაიწყო იმისთვის, რათა მათ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო ტექნიკის გამოყენება შეძლონ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

უკრაინელ ჯარისკაცებს ფლორიდის ეროვნული გვარდიის სამხედრო მწვრთნელები გადაამზადებენ, რომელთაც უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნები აქამდეც ჩაუტარებიათ. ცნობილი ხდება, რომ გადამზადება სულ 2 ჯგუფად განაწილებულ 100-მდე უკრაინელ სამხედროს ჩაუტარდება.

თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების გადამზადება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც ამის აუცილებლობა იქნება.

28 აპრილს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. კანონპროექტი შემდეგ ეტაპზე უნდა გადაეცეს აშშ-ს პრეზიდენტს. აქამდე, 7 აპრილს კანონპროექტს მხარი დაუჭირა აშშ-ს სენატმა. 

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო, თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინას 3.4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. Switchblades-ისა და ახალი Phoenix Ghost-ის გარდა, აშშ-მ უკრაინას მიაწოდა Stinger-ის საზენიტო რაკეტები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Mi-17 ვერტმფრენები, Humvee-ის ტიპის შეჯავშნული მანქანები, მილიონობით ჭურვი და ყუმბარა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები