რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პალამარი: პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვასა და საქართველოსაც ვიცავთ

სვიატოსლავ პალამარი
Reuters

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, რომელიც მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობს, Reuters-თან ისაუბრა.

"იმედი მაქვს, მსოფლიო საკუთარ შეცდომას მიხვდება... ყველაფერი, რასაც ჩვენი ჯარისკაცები აქ აკეთებენ, არამხოლოდ მარიუპოლში, არამედ უკრაინაში – გვჯერა, რომ ვიცავთ არამხოლოდ უკრაინას, არამედ პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვასა და საქართველოს". – თქვა პალამარმა მედიასთან საუბარში. 

აზოვის პოლკის წარმომადგენლის თქმით, მარიუპოლში ახლა სიტუაცია შუა საუკუნეების ალყას ჰგავს. 

"ახლანდელი ტაქტიკა შუა საუკუნეების ალყას გავს. ალყაში ვართ მოქცეული, ისინი, ჩვენი დაცვის ხაზის გასარღვევად, ბევრ ძალას აღარ გზავნიან. საჰაერო იერიშები მოაქვთ". – აღნიშნა კაპიტანმა პალამარმა. 

პალამარის თქმით, მარიუპოლის მცველები იქამდე იბრძოლებენ, სადამდეც საჭირო იქნება.

"რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსები არ არის დაუსრულებელი და იწურება ყოველი დღის აქტიური ბრძოლების შემდეგ. სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება". – თქვა Reuters-თან აზოვის პოლკის წარმომადგენელმა.

პალამარმა ისაუბრა აზოვსტალის ქარხანაში თავშეფარებულ მშვიდობიან მოსახლეობაზეც.

"მათთვის საკვები მოგვაქვს და ჯანმრთელობას ვუმოწმებთ, მაგრამ მათთან ცხადი მიზეზების გამო ვერ გავჩერდებით: მტერმა შესაძლოა პროვოკაცია მოაწყოს და თქვას, რომ... ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეების ზურგს უკან ვიმალებით". – თქვა მან. ასევე დაამატა, რომ 500-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო ჰყავთ, რომელთაც რთულ ოპერაციებს საჭირო რესურსების არარსებობის გამო ვერ უტარებენ.

აზოვის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მებრძოლები რუსეთისთვის ტყვედ ჩაბარებას არ აპირებენ და გაიმეორა მესამე მხარის ჩართვის შესაძლებლობა.

"ტყვეობაში მათ (სამხედროებს) დახოცავენ, დაასახიჩრებენ და ამიტომ ვითხოვთ მოლაპარაკებებში მესამე მხარეს, რომელიც მათი აზოვსტალიდან გასვლის გარანტორი იქნება". – თქვა პალამარმა და აღნიშნა, რომ ასეთ მხარედ ყოფნა ისრაელს ან თურქეთს შეუძლიათ. 

19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები