რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰუმანიტარული დერეფნით მარიუპოლის დატოვება 4-მა ავტობუსმა მოახერხა – ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცეპრემიერიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, გუშინ, 20 აპრილს, ჰუმანიტარული დერეფნით მარიუპოლის დატოვება 4-მა ავტობუსმა მოახერხა. მოქალაქეების ევაკუაციისთვის 9 ავტობუსი იყო გამოყოფილი. 

"ღამე ბერდიანსკში გაატარეს და ახლა ვასილივკაში მიდიან. მათ ზაპოროჟიაში ველოდებით". - თქვა ვერეშჩუკმა. 

20 აპრილს ვერეშჩუკმა დაწერა, რომ რუსეთთან ჰუმანიტარული დერეფანი შეათანხმეს და მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გამოყვანას აპირებდნენ - დაახლოებით, 6 000 ადამიანის. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჰუმანიტარულმა დერეფანმა "გეგმის მიხედვით არ იმუშავა". ვერეშჩუკის თქმით, გეგმა არ შესრულდა, რადგან რუსეთს "ხმელეთზე მყოფი საკუთარი სამხედროების კონტროლი აკლია". ოკუპანტებმა ვერ შეძლეს ხალხის დროული ტრანსპორტირება იქამდე, სადაც უკრაინელების ავტობუსები და სასწრაფო დახმარების მანქანები ელოდათ.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები