რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: რუსეთი NATO-ს მხრიდან შესაძლო აგრესიული ქმედებებისთვის უნდა მოემზადოს

Telegraph

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ რუსეთის საზღვრებთან NATO-ს ძალების მობილიზება აღარ არის მხოლოდ მსჯელობის საგანი და მოსკოვი შესაძლო აგრესიული ქმედებებისთვის მზად უნდა იყოს.

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ NATO-ს გაფართოების მცდელობაზე ვსაუბრობთ. ეს აღარ არის მხოლოდ მსჯელობის საგანი, ეს არ არის სტანდარტული მუქარა. ჩვენ NATO-ს მხრიდან სავარაუდო აგრესიულ ქმედებებს მზად უნდა დავხვდეთ". - ამბობს მედვედევი.

მედვედევის თქმით, დღევანდელ დაძაბულ გარემოში სახელმწიფოს დაცვაში განსაკუთრებულ როლს როგორც სამეცნიერო, ისე ტექნოლოგიური სფერო ასრულებს. საუბარია ინოვაციურ განვითარებასა და მოწინავე კვლევებზე, რომლებიც მიზნად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ისახავს.

"რა თქმა უნდა, ტექნიკა თავად ვერ წარმოიქმნება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა სანქცირებულია. ტექნიკის შექმნით სპეციალისტები არიან დაკავებულები, რომლებიც უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში სწავლობენ. ეს არამხოლოდ ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის, არამედ სახელმწიფოს გადარჩენის საკითხია" - თქვა მედვედევმა.

NATO-ს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი "ძალიან ფუნდამენტური ტრანსფორმაციის შუაგულშია", რომელიც პუტინის ქმედებების გრძელვადიან შედეგებს ასახავს. სამხედრო ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ "გაძლიერებისთვის" ემზადება, რომელიც NATO-ს ფუნდამენტურ "გადატვირთვად" იქცევა. გადატვირთვის ფონზე, NATO საზღვარზე მუდმივი სამხედრო ძალების განთავსებას გეგმავს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები