რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ასეთი ზღვარგადაცილებული განცხადებები უნდა შეიცვალოს" – ვოლსკი სტეფანჩუკზე

"ასეთი ზღვარგადაცილებული განცხადებები უნდა შეიცვალოს". - ამბობს ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი უკრაინის რადის თავმჯდომარეზე, რუსლან სტეფანჩუკზე საუბრისას.

"არ არის ვიზიტი თვითმიზანი, ეს ერთი საკითხი... მეორეც ერთი, ასეთი ყოველგვარ ზღვარგადაცილებული განცხადებები, რომელიც ახასიათებს პარლამენტის თავმჯდომარეს, რადის ხელმძღვანელი მყავს მხედველობაში, რასაკვირველია, გარკვეულწილად, უნდა იყოს შეცვლილი.

ეს არის სერიოზული პოლიტიკური დემარში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, შეურაცხყოფა არა მარტო ოფიციალური პირების, არამედ ქართული საზოგადოების, რომელიც, პირდაპირი გაგებით თუ სხვა ეპითეტური შეფასებით, ლუკმას უყოფს თავის მოძმე უკრაინელ ხალხს". - ამბობს ვოლსკი.  

"ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად" – ასე უპასუხა რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბუჩაში მიწვევის "არასათანადოდ" მოხსენიებას. 

"არის თუ არა სათანადო, რომ "არასათანადო" უწოდო მიწვევას, ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და ნახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერა სიტყვებით? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა უნდა გააკეთოს". - დაწერა სტეფანჩუკმა.  

8 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს. საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტში თქვეს, რომ მიწვევა არ მიუღიათ, შემდეგ კი ქართული ოცნების წარმომადგენლები მედიასთან საუბრობდნენ, რომ პაპუაშვილი ავად იყო.  

მოგვიანებით მოწვევას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე დაწერა, რომ წერილი ნამდვილად მიიღო, თუმცა, მისივე შეფასებით, უკრაინის მიერ მისი ბუჩაში ოფიციალური მიწვევა განმარტებებების გარეშე "არასათანადოდ" ჩანს. 

პაპუაშვილის განცხადებისა და კრიტიკის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ როცა უკრაინისგან  "პროგრესს ნახავენ", შეიძლება, უმაღლეს დონეზე ვიზიტზე იფიქრონ. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.   

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები