საქართველო-უკრაინა

კობახიძე: როცა უკრაინისგან ვნახავთ პროგრესს, შეიძლება, ვიფიქროთ უმაღლეს დონეზე ვიზიტზე

იმედი

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში სამი ძირითადი პრობლემა არსებობს, რომელთა მოგვარების შემდეგაც, "შესაძლოა", მმართველმა გუნდმა უკრაინაში მაღალი საპარლამენტო დონის ვიზიტზე "იფიქროს". 

კობახიძის თქმით, პირველი პრობლემა ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ "რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი" გადადგა, რაშიც ის უკრაინის მიერ ელჩის გაწვევას გულისხმობს. 

"საუბარია სახელმწიფოსადმი შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და არა თუნდაც მმართველი გუნდისადმი შეურაცხმყოფელზე. ეს ამ შემთხვევაში იქნებოდა მეორეხარისხოვანი. რა თქმა უნდა, როცა ხდება სახელმწიფოს შეურაცხყოფა ასეთ დროს საჭიროა პოზიციის დაფიქსირება. ეს უკავშირდებოდა იგივე ელჩის გაწვევის საკითხს, ჯერ კონსულტაციებზე იყო გაწვეული, შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდა უკრაინის ელჩი საქართველოში. დღემდე უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ, ასე გამოდის. ყოველ შემთხვევაში ამის შემდეგ რაიმე განსხვავებული ნაბიჯი ჩვენ უკრაინისგან არ გვინახავს. ეს ვითარება, რა თქმა უნდა, არის შესაცვლელი. ეს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საკითხი". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მეორე პრობლემა, ირაკლი კობახიძის თქმით, ეხება ე.წ კონტრაბანდის საკითხს, ხოლო მესამე და ყველაზე მძიმე პრობლემად კი, მან უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა დაასახელა. 

"ჩვენ გვგონია, რომ უკრაინასთან ყველა ამ პრობლემის სათავე, ცრუ ბრალდებების სათავე, ელჩის გაწვევების სათავე და ა.შ. არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილები. ესენი არიან, შეგახსენებთ, პირველ რიგში სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ეს არის ადეიშვილი, რომელიც არის გენერალური პროკურორის მრჩეველი. ეს არის იგივე ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე და ნუ, არახამია არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის. ეს არის სამწუხარო რეალობა. თქვენ წარმოიდგინეთ, იგივე რომ გვქონდეს ჩვენც: ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მძიმე კრიმინალებად აღიარებულები, დღეს რომ აქ იკავებდნენ უმაღლეს თანამდებობებს. რა თქმა უნდა, უკრაინის ინტერესებში იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება. 

როგორც კი დავინახავთ პროგრესს ერთი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია, ჩვენ შეიძლება, ვიფიქროთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტზე". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ არ აპირებენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი ქართველ ხალხს მოაკლდება - "რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?". ღარიბაშვილის სიტყვებითვე, "მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს – თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს".  3 აპრილს კი, საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ  25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის". მისივე მტკიცებით, "ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს".

საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ აქცია არაერთხელ გაიმართა. ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელიც მთავრობაზე უკეთესია". თუმცა, პრემიერმა ღარიბაშვილმა აქციებს "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.

საქართველოს მთავრობის "ამორალური პოზიციის" გამო უკრაინის პრეზიდენტმა ერთთვიანი კონსულტაციების შემდეგ, ელჩი ქვეყნიდან საბოლოოდ 31 მარტს გაიწვია.

იმავე დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაში იყო ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

8 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს. საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტში თქვეს, რომ მიწვევა არ მიუღიათ, შემდეგ კი ქართული ოცნების წარმომადგენლები მედიასთან საუბრობდნენ, რომ პაპუაშვილი ავად იყო.  

მოგვიანებით მოწვევას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე დაწერა, რომ წერილი ნამდვილად მიიღო, თუმცა, მისივე შეფასებით, უკრაინის მიერ მისი ბუჩაში ოფიციალური მიწვევა განმარტებებების გარეშე არასათანადოდ ჩანს.

11 აპრილს კი ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ უმრავლესობის წევრები უკრაინაში წასასვლელად მზად არიან და თუკი უკრაინა ერთ სიტყვას მაინც უკან წაიღებს, დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს

კომენტარები