საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობას გამოეხმაურა. მაკრონის თქმით, აშკარაა, რომ ეს დანაშაული რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ არის ჩადენილი და ამის გამო რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესდეს.
"არსებობს აშკარა ნიშნები, რაც ომის დანაშაულებზე მიუთითებს. ასე თუ ისე დადგენილია, რომ პასუხისმგებელი [ბუჩას მკვლელობებში] რუსეთის არმიაა. [...] რაც ბუჩაში მოხდა, მოითხოვს სანქციების ახალ რაუნდსა და ძალიან მკაფიო ქმედებებს". – თქვა მაკრონმა
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
-
ზელენსკი: ეს მართლაც გენოციდია, მთელი ერის მკვლელობის ოპერაცია
-
კულება ბუჩაზე: რუსების მიზანია, მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ
უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს.
კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზე, ბუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.