რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ხალხი მკაფიოდ იკითხავს – რა გააკეთეთ, რათა უკრაინელები არ დაეხოცათ?" – ერმაკი საქართველოზე

"ხალხი მკაფიოდ დასვამს კითხვას - რა გააკეთეთ, რათა უკრაინელები არ დაეხოცათ?" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ფორმულასთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე საუბრისას.

"ლოდინი არ არის საჭირო, მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს გამოჩნდა, რომ ადამიანები მსოფლიოში სხვანაირები არიან. დრეს მთავრობები და პოლიტიკოსები ვერ ასწრებენ, მიჰყვნენ ხალხს, ისევე როგორც ქართველი ხალხი. შეიძლება, მოიფიქროთ, როგორ იყოს ამასთან და იმასთან კარგად, მაგრამ ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მან თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და მხოლოდ დროის საკითხია, როცა ეს ხალხი ძალიან მკაფიოდ დასვამს შეკითხვას - რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ძმები, უკრაინელები არ დაეხოცათ? რას აკეთებთ როცა მათ დღეს ხოცავენ? თქვენ დემოკრატიული ქვეყანა ხართ და დღეს მე ვთვლი რომ თქვენც ასევე ძალიან დიდი ფასი გადაიხადეთ იმისათვის, რომ ყოფილიყავით დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა, ამიტომ დიდი მადლობა თქვენ.

მე მინდა, მოკითხვა გადავცე ქართველ ხალხს, ჩემს მეგობრებს, მადლობა ვუთხრა მათ მხარდაჭერისთვის - უბრალო ქართველებს. მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ქართველი გმირების ოჯახებს, რომლებიც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპნენ. მინდა გითხრათ, რომ ამას არასდროს დავივიწყებთ, ეს სიტყვებზე მეტია, ეს არის ნამდვილად მეგობრობა. მე მჯერა ქართველი და უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლის და, მოდით, პოლიტიკოსები მოერგონ იმას, რასაც ითხოვს და რაც სჭირდება ხალხს". - ამბობს ერმაკი ფორმულასთან ინტერვიუში. [ფორმულას თარგმანი]   

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ არ აპირებენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი ქართველ ხალხს მოაკლდება - "რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?" ღარიბაშვილის სიტყვებითვე, "მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს – თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს".  

უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურველებისთვის ჩარტერული რეისის გაუქმებისა და სანქციებზე "ამორალური პოზიციის" გამო პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია.  

საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერათ პარლამენტის წინ ხალხი რამდენიმე დღის განმავლობაში იკრიბებოდა. აქციას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც და დაწერა, რომ "მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელიც მთავრობაზე უკეთესია". თუმცა, პრემიერმა ღარიბაშვილმა აქციებს "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები