რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის ადმინისტრაცია: მთავრობის პოზიცია არ შეესაბამება იმას, რასაც ქართველები გრძნობენ

"ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია არ შეესაბამება იმას, რასაც ქართველები გრძნობენ". - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ფორმულასთან ინტერვიუში. 

"მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია, მე ვფიქრობ, რომ არ შეესაბამება იმას, რასაც გრძნობენ უბრალო ქართველები. მე მუდმივად ვესაუბრები ჩემს ქართველ მეგობრებს, მე ვიცი, როგორ უჭერენ მხარს [უკრაინას] მე ვიცი, რამდენი ქართველი იღებს მონაწილეობას, უშუალოდ იცავს უკრაინას. არიან გმირები, რომლებიც, სამწუხაროდ, დაიღუპნენ. რა თქმა უნდა, ისინი აქ იცავდნენ არა მხოლოდ უკრაინას, ისინი აქ იცავდნენ საქართველოს. მე მყავს მეგობრები, რომელთა ქართველი შვილები აქ წინა ხაზზე დგანან. ისინი დღეს ჩემს ქვეყანას იცავენ, ამასთან, ისინი არიან ქართველები.  მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გაურკვეველი, არამკაფიო პოზიცია უპირობოდ იწვევს ეჭვს". - თქვა მან. [ფორმულას თარგმანი] 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ არ აპირებენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი ქართველ ხალხს მოაკლდება - "რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?" ღარიბაშვილის სიტყვებითვე, "მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს – თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს".  

უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურველებისთვის ჩარტერული რეისის გაუქმებისა და სანქციებზე "ამორალური პოზიციის" გამო პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია.  

საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერათ პარლამენტის წინ ხალხი რამდენიმე დღის განმავლობაში იკრიბებოდა. აქციას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც და დაწერა, რომ "მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელიც მთავრობაზე უკეთესია". თუმცა, პრემიერმა ღარიბაშვილმა აქციებს "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები