რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კალაძე: ვიზიარებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახების, მეგობრების მწუხარებას

თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილის, დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა. 

"უკრაინაში მიმდინარე ომს შეწირულ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს შორის ჩვენი ქართველი ბიჭებიც არიან. უკრაინის და საქართველოს ტკივილი საერთოა, ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც. ვიზიარებ გია ბერიაშვილის, დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახის წევრების, მათი მეგობრების მწუხარებას!" – წერს კალაძე Facebook-ზე.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ბახვა ჩიქობავა 19 მარტს ქალაქ მარიუპოლში, ხოლო გია ბერიაშვილი და დათო რატიანი 18 მარტს ქალაქ ირპენში დაიღუპნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები